ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირას გადაწყვეტს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს
ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირას გადაწყვეტს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილიამ განაცხადა, ესპანეთის მთავრობა ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს ქვეყანაში ვიზიტორების შეშვების საკითხს.
როგორც მანამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, ესპანეთში ჩასული ვიზიტორებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები ესპანეთში ჯერ არ დაიშვებიან.
მისი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხი ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმით შეფასდება.
აღსანიშნავია, რომ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ესპანეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი უკვე გახსნა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, 21 ივნისს ესპანეთში საფრანგეთიდან ათასობით მოქალაქე გადავიდა შედარებით დაბალ ფასად თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების საყიდლად.
ესპანეთი ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად ქვეყანას საშუალოდ 80 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.
ესპანეთი კორონავირუსის შედეგად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ესპანეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 246 272 შემთხვევა, გარდაიცვალა 28 323 ინფიცირებული. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, ესპანეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.