„ესოშიეთიდ პრესი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ მომდევნო ათწლეულში ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა ნაკლებად სავარაუდოა
„ესოშიეთიდ პრესი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ მომდევნო ათწლეულში ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ მომდევნო ათწლეულში ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინის გაწევრიანების დაპირება გასცა, თუმცა უარი თქვა კონკრეტული ვადის განსაზღვრაზე.

„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ მიმდინარე კრიზისამდეც კი, უკრაინა შორს იყო ნატო-ში გაწევრიანებისგან.

„ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აშშ ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, რომ ოფიციალურად დაუთმოს ავტონომიის ზომა აღმოსავლეთ უკრაინის მიწებს, რომელსაც ახლა აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რომლებიც 2014 წელს აჯანყდნენ კიევის წინააღმდეგ. ამ ტერიტორიებისთვის განუსაზღვრელი „სპეციალური სტატუსი“ გაფორმდა ბუნდოვანი, ევროპული შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებით 2015 წელს, მაგრამ ის არასოდეს დამკვიდრებულა“, – აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 2014 წლის დეკემბერში შეცვალა ორი კანონი, რითაც უარი თქვა სახელმწიფოს არაერთგზის სტატუსზე. 2019 წლის თებერვალში უკრაინის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის კურსს ევროკავშირისა და ნატო-სკენ.