აღმოჩნდა, რომ სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს შავ ხვრელს მადაც თავისი ზომის შესაფერისი აქვს. როგორც გაზომვები აჩვენებს, ის წარმოუდგენლად დიდია, აქვს ჩვენს მზეზე 34-მილიარდჯერ მეტი მასა და დღეში ერთი მზის მასის ოდენობის მატერიას შთანთქავს.
შედეგად, ის მთელ სამყაროში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელია და თავსდება ულტრამასიურ შავ ხვრელთა კატეგორიაში.
„ამ შავი ხვრელის მასა ირმის ნახტომისფ ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელისას 8000-ჯერ აღემატება. იმისათვის, რათა ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მისი მასის გახდეს, მან ირმის ნახტომის ვარსკვლავების მესამედი უნდა გადაყლაპოს“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტოფერ ონკენი.
ეს შავი ხვრელი 2018 წელს აღმოაჩინეს; მიეკუთვნება ადრეულ სამყაროს, ანუ მდებარეობს ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკა SMSS J215728.21-360215.1-ის ცენტრში და ასაზრდოებს კვაზარს.
აღმოჩენისას ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ მისი მასა 20 მილიარდი მზის მასა უნდა ყოფილიყო, ანუ ულტრამასიური კატეგორიის (10 მილიარდ მზის მასაზე მაღლა) და აკრეციის მაჩვენებელი, ანუ მის მიერ მატერიის შთანთქმის რაოდენობა დღეში ნახევარი მზის მასა უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ, რიცხვების დასაზუსტებლად ასტრონომებმა ახალი გაზომვები ჩაატარეს. შედეგები სუნთქვისშემკვრელია. ირკვევა, რომ J2157-ის შავი ხვრელის (J2157*) შვარცშილდის რადიუსი, ანუ მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი 670 უნდა იყოს; ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის.
შედარებისათვის გეტყვით, რომ პლუტონი მზისგან საშუალოდ 39,5 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. ჰელიოპაუზა, ანუ ადგილი, სადაც მზის ქარი უკვე იმდენად სუსტია, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, მზისგან მხოლოდ 100 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. გამომდინარე აქედან, J2157*-ის მოვლენათა ჰორიზონტი ზომით მზის სისტემაზე ხუთჯერ დიდია.
ახალმა გაზომვებმა დააზუსტა არა მხოლოდ ამ შავი ხვრელია ზომა და აკრეციის მაჩვენებელი, არამედ მანძილიც. ჩვენგან ზოგადი დაშორების მანძილიდან გამომდინარე, ეს დაზუსტება მცირეა, რამდენიმე ათეული მილიონი სინათლის წელი. თუმცა, ასეთი შედარებით პატარა დეტალიც კი მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება იმის გარკვევას, როგორი იყო ჩვენი სამყარო მაშინ, როდესაც ის დაახლოებით მილიარდი წლის ასაკის იყო.
J2157* ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე მასიური შავი ხვრელი არ არის. ჩვენგან 700 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკა Holm 15A-ში მდებარეობს დაახლოებით 40 მილიარდი მზის მასის მქონე ულტრამასიური შავი ხვრელი. გარდა ამისა, ჩვენგან 10,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს აბსოლუტური მხეცი — 66 მილიარდი მზის მასის მქონე შავი ხვრელი, რომელიც კვაზარ TON 618-ს წარმოქმნის.
Holm 15A-ისა და TON 618-ის შავი ხვრელების კვლევა ურთულესია. არ ვიცით, როგორ წარმოიქმნება და იზრდება სუპერმასიური და ულტრამასიური შავი ხვრელები.
თუმცა, J2157*-ს ჩვენ ვხედავთ იმ პერიოდში, როდესაც სამყაროს ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ 10 პროცენტი ჰქონდა და წარმოქმნის საკუთარ კლასს. უცნობია არა მხოლოდ მისი წარმოქმნისა და ასე გაზრდის ამბავი, არამედ ასევე არ ვიცით, როგორ გაიზარდნენ შავი ხვრელები ამ ზომებამდე დიდი აფეთქებიდან ასე მალე.
„ის გახლავთ სამყაროს ასე ადრეული პერიოდის უდიდესი შავი ხვრელი“, — განმარტავს ონკენი.
ამავე დროს, უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელთა მქონე კვაზარები არა მხოლოდ არსებობდა ადრეულ სამყაროში, არამედ საკმაოდ გავრცელებულიც იყო.
ეს აღმოჩენა უზარმაზარი გამოწვევაა ჩვენი კოსმოლოგიური მოდელებისთვის, რადგან ვიცით, რომ ასეთი ობიექტების წარმოქმნას სულ მცირე დიდი დრო და ბევრი მატერია სჭირდება. შესაბამისად, ადრეულ სამყაროში დამალული ულტრამასიური მონსტრი ფაზლის კიდევ ერთი ნაწილი უნდა იყოს.
„ასეთ უზარმაზარ შავ ხვრელთან ერთად, ასევე ამაღელვებელია იმ გალაქტიკის შესწავლაც, რომელშიც ის გაიზარდა“, — ამბობს ონკენი.
„ეს გალაქტიკა ადრეული სამყაროს ერთ-ერთი ბეჰემოთია თუ შავმა ხვრელმა გადაყლაპა მიმდებარე გარემოდან წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მატერია? ამის გასარკვევად, სხვა კვლევებია საჭირო“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კრისტოფერ ონკენი.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.