ერთმანეთზე გადაჭდობილი ჩონჩხებით სავსე იდუმალი სამარხი - აღმოჩენა მექსიკაში
რამდენიმე მიმართულებით ჩაწყობილი 2400-წლოვანი თავის ქალები, სამარხის კიდეებზე მოფანტული ათი ცალი ყავისფერი, აცტეკებამდელი ჩონჩხი ირმის ნახტომის სპირალს წააგავს. მეცნიერებს მსგავსი რამ აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.
რამდენიმე დღის წინ, მეხიკოს ერთ-ერთ ფედერალურ რაიონ ტლალპანში, მექსიკელმა არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს. ნაყოფიერი ნიადაგის, მტკნარი წყლისა და მოსანადირებელი ცხოველების სიმდიდრით, ეს ადგილი მრავალ მესოამერიკულ საზოგადოებას იზიდავდა, აცტეკების აღზევებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე.
გათხრების ხელმძღვანელის, არქეოლოგ ხიმენა რივერა ესკამილიას განცხადებით, შესაძლოა, ეს სამარხი რიტუალური ცერემონიის ნაწილია, რისი ვარაუდის საშუალებასაც იძლევა ჩონჩხების წინასწარ განზრახული, საგულდაგულო განლაგება; დამარხულებს შორის არიან როგორც ერთი თვის ჩვილი, ისე ხანდაზმული ადამიანები.
ჩონჩხები ისეა ჩალაგებული, რომ ერთის თავი მეორის გულმკერდზე იდო, ერთის ხელები კი მეორეის ზურგზეა დალაგებული, — იუწყება მექსიკური ტელეკომპანია Televisa News.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია პრეკლასიკური პერიოდის საზოგადოებების შესასწავლად.
ჩონჩხები ეკუთვნის ჯგუფს, რომელიც ამ ტერიტორიაზე 500 წლის განმავლობაში სახლობდა, ძვ. წ. 700-200 წლების პერიოდში, ეპოქაში, როცა განვითარება დაიწყო მექსიკის ყველა ძირითადმა ცივილიზაციამ.
მკვლევართა დასკვნით, ზოგიერთი თავის ქალა და კბილი ხელოვნურად დეფორმირებული ჩანს — ცნობილი პრაქტიკაა მესოამერიკულ საზოგადოებებში, რაც შეიძლება მიუთითებდა მათ სოციალურ სტატუსზე, გენდერზე ან იმის მცდელობას, რომ ისინი ღვთაებებისთვის მიემსგავსებინათ.
ძეგლზე, 1,5 სიღრმეში, ასევე აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი და სხვადასხვა ტიპის ქვები.
ესკამილიას არ დაუკონკრეტებია იქ დამარხული 10 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. უცნობია ისიც, დაიღუპნენ თუ არა ისინი ერთდროულად.
თუკი ეს დეტალები განისაზღვრება, გაირკვევა მრავალი ცნობა ამ უძველეს საზოგადოებათა სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ.
2011 წელს, ახ. წ. 1400-იანი წლების სამარხის აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ხიმხიმები, რომლებიც თანამედროვე მექსიკის დურანგოს შტატის მთებში სახლობდნენ, კანიბალები იყვნენ. დადგინდა, რომ აღმოჩენილი ძვლები მოხარშული, ხორცგაცლილი და ქვის დანებით დაკაწრული იყო.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით