ერთი წრე მზის გარშემო - ნასას მზის ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის გარშემო პირველი ორბიტა დაასრულა
NASA-ს პარკერის მზის ზონდმა ჩვენს დედავარსკვლავს უკვე ერთხელ შემოუარა და მეორე წრეზე წავიდა. ხომალდი მზეს სულ 24-ჯერ შემოუფრენს.
პარკერი 2018 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს, გასული წლის 5 ნოემბერს კი მზეს რეკორდულ მანძილზე, 24 მლნ კილომეტრზე მიუახლოვდა. 2019 წლის 19 იანვარს, ხომალდმა მზის გარშემო საკუთარი ორბიტის უშორეს წერტილს, ე. წ. აფელიონს მიაღწია. შემდეგი ძალიან ახლოს ჩავლა მზესთან, 4 აპრილს იგეგმება.
როგორც NASA განცხადებაში იუწყება, პირველი ორბიტის განმავლობაში ხომალდმა შეაგროვა 17 გიგაბაიტის მოცულობის სამეცნიერო მონაცემები, რომელთა გამოგზავნასაც აპრილამდე დაასრულებს.
პროექტის მენეჯერის, ენდი დრისმენის განცხადებით, პირველი ორბიტა მართლაც ღირსშესანიშნავი აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, თუ როგორ მუშაობს და რეაგირებს კოსმოსური ხომალდი მზის გარემოში.
მისივე თქმით, ეს მისია იმითაცაა გამორჩეული, რომ მონაცემებში ჩახედვამდე, რაიმეს პოგნოზირებაც კი რთულია, რადგან ყოველი მონაცემი შეიცავს რაღაც ისეთს, რის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით. პარკერის ზონდი ჩვენი მზის არაერთ საიდუმლოს ახდის ფარდას.
მზესთან პირველი მიახლოებისას, ხომალდმა რეკორდი დაამყარა. კაცობრიობის წინა რეკორდის მფლობელი მზესთან მიახლოების თვალსაზრისით, ხომალდი ჰელიოს-2 იყო 1976 წელს. პარკერი ჩვენს დედავარსკვლავთან მასზე ორჯერ ახლოს მივიდა.
2025 წლის ბოლოს, ფინალური გადაფრენისას, პარკერი მზის ატმოსფეროში ზედაპირიდან 6,16 მილიონი კილომეტრის სიმაღლემდე ჩაეშვება, რა დროსაც ვარსკვლავის გრავიტაცია მას 690 000 კმ/სთ-მდე ააჩქარებს.
ხომალდის 24 გადაფრენის განმავლობაში, მისი ოთხი ინსტრუმენტი მეცნიერებს მოაწვდის ცნობებს, თუ როგორ მუშაობს მზის შიდა სტრუქტურა და როგორ ანიჭებს ნაწილაკებს ასეთ მაღალ სიჩქარეს. გარდა ამისა, პარკერი ასევე შეეცდება გაარკვიოს, რატომ არის მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, იგივე გვირგვინი მზის ზედაპირზე გაცილებით ცხელი.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.