მარტივი მეთოდი, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემცირებაში დაგეხმარებათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მარტივი მეთოდი, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემცირებაში დაგეხმარებათ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მკვლევრებმა მიაგნეს მარტივ გზას, რომელიც ადამიანებს ალკოჰოლის მიღების შემცირებაში დაეხმარება: სმის გამო კიბოს რისკის ზრდის წარმოჩენა და ამის დაკავშირება თითოეულ დალევასთან.

მკვლევართა განცხადებით, ეს კონკრეტული კომბინაცია მიემართება კითხვებს — „როგორ შევამციროთ“ და „რატომ შევამციროთ“ და შეიძლება გამოსადეგი იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობაში.

ბევრი სმა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კიბოს როდი იწვევს.ზედმეტი ალკოჰოლი დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან, მათ შორის, ნაადრევ სიკვდილთან, გულის დაავადებებთან, საჭმლის მონელების პრობლემებთან და დემენციის რისკის ზრდასთან.

„დავადგინეთ, რომ ალკოჰოლისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება განსაკუთრებით პრაქტიკულად მოქმედებს — ითვლის დალევათა რაოდენობას და შედეგად, მსმელები ალკოჰოლის მიღებას ამცირებენ“, — ამბობს ავსტრალიის ჯორჯის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ეკონომისტი და ფსიქოლოგი საიმონ პიტგრიუ.

კვლევის ფარგლებში შეავსეს სამი კითხვარი. პირველი კითხვარი 7995-მა ადამიანმა შეავსო; სამი კვირის შემდეგ, მათგან 4588 მონაწილემ მეორე კითხვარი შეავსო, კიდევ სამი კვირის შემდეგ კი 2687-მა. მონაწილეები სხვადასხვა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და სხვადასხვა რეკლამებსა და მესიჯებს აჩვენებდნენ სმის შესახებ.

საკონტროლო ჯგუფისგან გამოირჩეოდა ერთი კომბინაცია: სატელევიზიო რეკლამა ალკოჰოლსა და კიბოს უკავშირებდა ერთმანეთს, იქვე იყო მითითება, რომ დაეთვალათ დალევათა რაოდენობა; გაირკვა, რომ სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე ეფექტიანი შთამაგონებელი ამ ადამიანთათვის, რომ ალკოჰოლის მიღების შემცირება ეცადათ.

გარდა ამისა, ის ერთადერთი კომბინაცია იყო, რომელშიც ადამიანებმა მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში მართლაც შეამცირეს ალკოჰოლის მოხმარება.

დალევის შემცირებისაკენ მოხალისეებს სხვა მიდგომებმაც უბიძგა, მაგრამ კვლევაში მონაწილე ადამიანთა მოხსენებების საფუძველზე, გამარჯვებული აშკარად გამოიკვეთა.

„ბევრმა არ იცის, რომ ალკოჰოლი კანცეროგენია. ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მსმელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ადამიანთათვის იმის თქმა, რომ სასმელი კიბოს იწვევს, მხოლოდ ნაწილობრივი გამოსავალია — ასევე საჭიროა, დავანახოთ ის სამოქმედო გზები, რომლებითაც კიბოს რისკს შეიმცირებენ“, — ამბობს პიტგრიუ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ნაადრევი სიკვდილის შემთხვევათა 7 პროცენტთან. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა სწორედ მსმელების ინფორმირებაა ჯანმრთელობის რისკების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის უწყებები აქტიურად ეძებენ გზებს, რომ ალკოჰოლი უფრო ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადონ, საბოლოოდ ყველაფერი მაინც პერსონალურ არჩევანზეა დამოკიდებული.

ამ კონკრეტულ კვლევაში, მონაწილეები ავსტრალიის დემოგრაფიულად საკმაოდ მრავალფეროვანი მსმელი საზოგადოებიდან იყვნენ. შესაბამისად, არ გახლავთ მიდგომა, რომელიც ყველგან იმუშავებს, მაგრამ როგორც ჩანს, დალევათა რაოდენობის დათვლა შეიძლება მართლაც დაგეხმაროთ სმის შემცირებაში.

„ალკოჰოლით მიყენებული ზიანის შესამცირებლად მიმართულ კამპანიებს ძალიან მწირე რესურსები აქვთ და მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელი მესიჯი მოქმედებს ყველაზე უკეთესად“, — ამბობს კვლევის ავტორი საიმონ პიტგრიუ.

კვლევა Addictive Behaviors-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია georgeinstitute.org-ია და ScienceAlert-ის მიხედვით.