ერთ-ერთ ტელეარხს ექიმების საკრედიტო მონაცემები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიაწოდეს
ერთ-ერთ ტელეარხს ექიმების საკრედიტო მონაცემები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიაწოდეს

ერთ-ერთ ტელეარხს ექიმების საკრედიტო მონაცემები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიაწოდეს. ასეთია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესწავლის შედეგი, რაზეც 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულმა პირებმა 2018 წლის ოქტომბერში თანხები პრეზიდენტობის კანდიდატს გადაურიცხეს. ტელეარხის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია ექიმების ფინანსური მდგომარეობის, მათ შორის, საკრედიტო ისტორიების, სესხის ოდენობისა და სხვა დეტალების შესახებ.

თამარ ქალდანის უწყებამ პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე წვდომისა და გამჟღავნების კანონიერების შესწავლის მიზნით „კრედიტინფო საქართველოს“ მიმართა. დადგინდა, რომ შემწირველი პირების საკრედიტო ისტორია „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში შესაბამისი დროის მონაკვეთში გადამოწმებული ჰქონდა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

შემწირველი პირები არ წარმოადგენდნენ აღნიშნული ორგანიზაციის მომხმარებლებს, არასდროს განუცხადებიათ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მათთვის უცნობი იყო, თუ რა მიზნითა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით გადაამოწმა მათი საკრედიტო ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ პერსონალური მონაცემების გადამოწმების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ეს ქმედებები არ შეესაბამებოდა კომპანიის საქმიანობის მიზნებს, არ ყოფილა შეთანხმებული მენეჯმენტთან და წარმოადგენდა მხოლოდ ცალკეული თანამშრომლის კერძო ინიციატივას.

კომპანიის განმარტებით, მენეჯმენტთან შეუთანხმებელი ქმედებების, ასევე, კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების დარღვევისთვის ორი თანამშრომელი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიურ ანგარიშში.