ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში რვა კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს, რაც ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია სამიზნე რეგიონებში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

„სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობების სამუშაოებს ატარებს. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ჯამში, 54 „საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია, სასურველ პერიოდში შეიძინოს საშეშე მერქანი“, – აცხადებენ უწყებაში.