საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია ცხრაკაციანი შემადგენლობით.
კომისიამ ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად საკონკურსო პირობები დაადგინა და კონკურსი გამოაცხადა.
კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა, ან ნაშრომთა ციკლისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული – ათი ათასი ლარის ოდენობით.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი – 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: [email protected]. საკონტაქტო ტელეფონის ნომერია (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.