პრეზიდენტმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ვერ ჩატარდა.

პრეზიდენტმა ლაურეატებს სახელმწიფოს მიერ მათი შრომისა და ღვაწლის აღიარება მიულოცა, კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს კი. თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო კომისიის თავჯდომარეებსა და წევრებს მათ მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდეს.

მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება – ეს არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს და ამდენად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ დარგებისთვის რაში გაიცემა ეს პრემიები, არამედ სახელწიფოსთვის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მივცეთ კიდევ მეტი წონა ამ პრემიებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ამ პრემიების მნიშვნელობა.

ეს პრემიები მართლა შევა ჩვენს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ თითოეულ დარგში ამ ადამიანების ღვაწლის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი.

ეს თითოეული ნომინანტის პატივისა და ნდობის ნიშანი და მათი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარებაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ალექსანდრე შენგელაიას – ნაშრომთა ციკლისთვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“; გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს – ნაშრომისათვის „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.

2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს – სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისთვის „ოფიცრის ატლასი“; რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს  – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის „პოლიმერული ბიომიმეტიკები – ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისთვის – დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“.

ხოლო 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ: მაყვალა გონაშვილს – ლექსების კრებულისათვის „ძახილი“, ორტომეული; თეიმურაზ გოცაძეს – მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისთვის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე; ვახტანგ კახიძეს  – მუსიკალური ნაწარმოებისათვის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ომარ ნაფეტვარიძესა და გიორგი ჯაფარიძეს – არქიტექტურული ნაწარმოებისათვის „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი“; რაულ ჩილაჩავას – ლექსების კრებულისათვის „ბედის ფორმულა“, შვიდწიგნეული.