საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად დღეიდან კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად დღეიდან კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაკაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე  შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ დღეიდან გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

„პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით,
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი