საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, აცხადებს კონკურსს შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“).
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“. აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე.
საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.