ეროვნული ბანკი - პანდემიის პირობებში შემოსავლების შემცირებამ და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა
ეროვნული ბანკი - პანდემიის პირობებში შემოსავლების შემცირებამ და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა

„კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულმა შოკმა უძრავი ქონების სექტორში რისკები გაზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ფინანსური სტაბილურობის კუთხით, განსაკუთრებით რეცესიის პირობებში, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშნველოვანია.

„პანდემიის პირობებში შემოსავლების შემცირებამ და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდამ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, ტურისტული ნაკადების მკვეთრმა კლებამ უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობა გააუარესა, რაც დამატებით უარყოფით გავლენას ახდენს მოთხოვნის შემცირებაზე, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე კრიზისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდება გაიზარდა, რაც მიმდინარე პერიოდში, მოთხოვნის მკვეთრი შემცირების კვალდაკვალ, ჭარბი მიწოდების რისკის რეალიზების ალბათობას ზრდის. მოთხოვნის კლებისა და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდის შედეგად, უძრავი ქონების ფასები მცირდება. თუმცა ფასების შემცირება ისეთი მკვეთრი არ იქნება, როგორც ეს 2008 წლის კრიზისის შედეგად იყო, რადგან აღნიშნული კრიზისისგან განსხვავებით, პანდემიით გამოწვეულ რეცესიას უძრავი ქონების ბაზარი უფრო მდგრადი შეხვდა. გარდა ამისა, მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ბაზარს რეცესიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქებაში დაეხმარება და ამ სექტორიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკებს შეამცირებს“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პანდემიის გამო მიმდინარე წელს უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაკუთრებით ბათუმში შეამცირებს. ვინაიდან ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ტურისტულ ნაკადებზეა დამოკიდებული.

„პანდემიის პირობებში საჰაერო და სახმელეთო გადაადგილებაზე შემოღებულმა შეზღუდვებმა ტურისტული ნაკადები გაურკვეველი ვადით მკვეთრად შეამცირა. შედეგად მოსალოდნელია, რომ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცემა, რაც, სავარაუდოდ, ფასების შემცირებაშიც აისახება. სექტორის გაჯანსაღება დიდწილადაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორებაზე, პანდემიით გამოწვეული რეცესიის სიღრმესა და ხანგრძლივობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არარეზიდენტებს, რომლებიც ბათუმში გაცემული იპოთეკური სესხების მესამედს ფლობენ, დეფოლტის უფრო მაღალი ალბათობა აქვთ, ვიდრე რეზიდენტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყნები პანდემიით გამოწვეულ რეცესიას განიცდიან. ეროვნული ბანკის მიერ გასული წლიდან არარეზიდენტებისთვის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის 70 პროცენტზე დაწესება, სწორედ არარეზიდენტების მხრიდან ფინანსური სტაბილურობისთვის წარმოქმნილ რისკებს ამცირებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული გამოწვევებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს და მიმოიხილავს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად მიღებულ ზომებს.