ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, უნაღდო ანგარიშსწორება გამოიყენონ, ნაღდი ფულის გამოყენებისას კი, დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები
ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, უნაღდო ანგარიშსწორება გამოიყენონ, ნაღდი ფულის გამოყენებისას კი, დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები

ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლიათ ბაქტერიების და ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, შესაძლებლობის მიხედვით რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება.

„ამავე დროს, შესაძლებლობების მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდებით. ამავე დროს, შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება, რომელიც საქართველოში საკმაოდ განვითარებულია და თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვართ ამ მიმართულებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ასევე ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რომელიც აპრობირებულია ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები, საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. ამავე დროს, გასულ კვირაში ჩვენ დავიწყეთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება საკასო ცენტრში, სადაც შესაძლებელია, უფრო მეტი რისკი არსებობდეს სხვა ადგილებთან შედარებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პირველი აპრილის ჩათვლით, შეწყვეტილია ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ფუნქციონირება ყვარელში.