ეროვნული ბანკი - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 20.6 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 70.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო – 332.8 და 127.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც ლარებში 33.8 მლრდ ლარია და რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 573.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი).

რაც შეეხება საბანკო სექტორს, ამ სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი, რაც 15.0 მლრდ ლარი და მშპ-ს 28.5 პროცენტია, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.8 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

„საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათასი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 9.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

დატოვე კომენტარი