ეროვნული ბანკი - აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა
ეროვნული ბანკი - აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა

2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე, ინფლაციას ამცირებს. სებ-ში განმარტავენ, რომ ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

„აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც. ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1 პროცენტით და 6.2 პროცენტით გაიაფებამ, ჯამურად, თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პროცენტი შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აპრილში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 4.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს.

„ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4-პროცენტიანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4 პროცენტს გაუტოლდა. ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, წინა თვესთან შედარებით, ძირითადად, სურსათის ხარჯზე 1.4 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 10.6 პროცენტი შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში, პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.