ეროვნული ბანკი - 2022 წლიდან საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს
ეროვნული ბანკი - 2022 წლიდან საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში მოცემულ პროგნოზსა და მიმდინარე პერიოდისთვის ხელმისაწვდომ დამატებით ინფორმაციას ითვალისწინებს, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება.

მოსალოდნელია, რომ „კოვიდ-19“-ის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები და გაფართოებული ვაქცინაცია პანდემიის გავრცელებას კონტროლს დაუქვემდებარებს, ეს კი, გაურკვევლობის შემცირებასა და საბაზრო განწყობის გაუმჯობესებას განაპირობებს.

ამასთან, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება და გლობალური ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება საერთაშორისო სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ეტაპობრივ აღდგენასაც შეუწყობს ხელს.

„საბაზო პროგნოზითვე, გლობალური ეკონომიკური აქტივობა 2021-2022 წლებში წინა პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით იზრდება. ეს განვითარებულ ქვეყნებში განხორციელებული უპრეცედენტო ზომის ფისკალური მხარდაჭერის პროგრამებისა და გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მზარდი სამომხმარებლო ხარჯების შედეგია. მსოფლიოში წამყვანი ცენტრალური ბანკები ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემისა (Fed) და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მინიმუმამდე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებსა და აქტივების მასობრივი შესყიდვების პროგრამებში გამოიხატება. თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის კვალდაკვალ, ინფლაციის ზრდის ნიშნები გამოიკვეთა, რამაც განვითარებულ ქვეყნებში შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი დააჩქაროს, რაც გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისკენ უბიძგებს და უარყოფითად აისახება მზარდი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, რომლებშიც ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპები შედარებით დაბალია.

აღნიშნული ქვეყნების მოწყვლადობას გლობალური ფინანსური პირობების შესაძლო გამკაცრების მიმართ პანდემიის პერიოდში გაზრდილი საგარეო ვალი და გაღრმავებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აძლიერებს. საბაზო სცენარში, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, მიმდინარე წლიდან ეკონომიკური აქტივობა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც იზრდება, რაც საინვესტიციო და სავაჭრო ნაკადების ზრდას განაპირობებს. ასევე მზარდია ფულადი გზავნილების დინამიკაც. მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის ცვალებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენაა მოსალოდნელი. შედეგად, მიმდინარე ანგარიში გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების უფრო აქტიურ აღდგენასთან ერთად, მომდევნო წლიდან იწყებს და საგარეო დისბალანსიც კიდევ უფრო მცირდება. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ასევე სტაბილური რჩება აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსიც. ამასთან, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, არსებული საგარეო ვალის ტვირთი მცირდება. ეს ყოველივე კი საგარეო ფაქტორების მიმართ ეკონომიკის მოწყვლადობას ამცირებს და სუვერენული რისკის პრემიის შემცირებულ დონეზე შენარჩუნებას განაპირობებს.

საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის 8.5%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ეკონომიკის გაჯანსაღებას, ძირითადად, ადგილობრივი მოთხოვნა განაპირობებს, რასაც წლის განმავლობაში მოსალოდნელი ფისკალური სტიმულის გაგრძელება და საკრედიტო ზრდა შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერი ზრდა, მომხმარებელთა და ბიზნესის

გაუმჯობესებულ განწყობასთან ერთად, პანდემიის პერიოდში გადავადებული მოთხოვნის ეფექტს ასახავს. მიმდინარე წელს საგარეო მოთხოვნა შედარებით სუსტი რჩება, რასაც საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენა განაპირობებს. 2022 წლიდან, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების კვალდაკვალ, საგარეო მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, თუმცა ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორად კვლავ შიდა მოთხოვნა რჩება.

ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას დასაქმების ზრდა ახლავს თან. შესაბამისად, უმუშევრობის დონე წლის დასაწყისში არსებული გაზრდილი დონიდან ეტაპობრივად მცირდება. უმუშევრობის შემცირების ტემპი თავდაპირველად შედარებით დაბალი იქნება, რადგან გაჯანსაღების ტენდენცია სამუშაო ძალის მაღალი ინტენსივობის მქონე მომსახურების სექტორში სხვა სექტორებთან შედარებით სუსტია.

საბაზო სცენარში მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლზე მაღლა შენარჩუნდება, რასაც დიდწილად საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები განაპირობებს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და საკვები ნედლეული პროდუქტების ფასების ზრდას დაერთო კომუნალური ხარჯების ზრდიდან მომდინარე დამატებითი ინფლაციური წნეხი. ამასთან, წინა პერიოდებში სუსტი მოთხოვნის დიზინფლაციური ეფექტი ეკონომიკური აქტივობის ზრდის კვალდაკვალ ამოიწურა. შედეგად მიღებულ მაღალ ინფლაციურ გარემოში მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასები გასული წლის საშუალო დონესთან შედარებით იზრდება.

„აღნიშნულ დინამიკას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და გაუმჯობესებული საბაზრო განწყობა განაპირობებს. უძრავი ქონების ფასების ზრდაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაც მოქმედებს. გარდა ამისა, მომატებულია სამშენებლო მასალების ხარჯები, რაც შენობა-ნაგებობების თვითღირებულებას ზრდის. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისთან შედარებით, ქირის ზრდაც შეინიშნება, რაც უძრავი ქონების ფასების შესაძლო ვარდნის რისკების ამცირებს.

მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების ფასების ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციული იქნება. საბაზო სცენარში მიმდინარე წელსაც ინფლაციის მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნება გრძელვადიანი ინფლაციურ მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოშობს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლის ტემპი ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო პროგნოზის ირგვლივ მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ტემპი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პანდემიის გავრცელებასა და ვაქცინაციის მასშტაბებზე. ასევე, მაღალია გაურკვევლობა განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ტემპებთან დაკავშირებით, რაც გლობალური ფინანსური ბაზრების განწყობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.