ეროვნული ბანკი - 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი
ეროვნული ბანკი - 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი

ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა, ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაწესება მიზნად ისახავს მათი შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და ის 2020 წლიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:

•    კომერციული ბანკი 11
•    საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
•    საბროკერო კომპანია 5
•    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
•    ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
•    სესხის გამცემი სუბიექტი 6
•    ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112.

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.