ეროვნული ბანკი - 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით გაიზარდა
საგარეო სექტორის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით გაიზარდა და ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს 5 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნულია.
ამავე მონაცემებით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების სექტორებს (3.9 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, ინდუსტრიული სექტორების წვლილი კი, შედარებით მოკრძალებული იყო (1.3 პროცენტული პუნქტი).
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2017 წელს აღნიშნული სექტორი შემცირდა (-2.7 პროცენტი) და ეკონომიკურ ზრდაში მცირე უარყოფითი წვლილი შეიტანა (-0.2 პროცენტული პუნქტი).
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მთლიანი შიდა პროდუქტის დანახარჯების მიხედვით ანალიზი აჩვენებს, რომ 2016 წლისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა საგარეო სექტორი – წმინდა ექსპორტი იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს წმინდა ექსპორტის წვლილმა რეალურ ზრდაში 2.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული კი, განპირობებული იყო საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებით, რამაც საგრძნობლად წაახალისა საქონლის ექსპორტი.
„ამავე დროს, საიმპორტო საქონელზე ფასების შედარებით მაღალი ზრდის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის შეფასებით, წლის განმავლობაში იმპორტი რეალურ გამოსახულებაში შემცირდა. ინვესტიციების ზრდის ტემპი შემცირდა წინა წელთან შედარებით და მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი, ხოლო მოხმარების წვლილი მშპ-ს ზრდაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელი დადებითი ტენდენციებით გამოირჩეოდა საგარეო ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ს 8.7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს „ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ”, „ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს”, “ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს” და აუდიტორების მიერ დამოწმებულ „საფინანსო ანგარიშგებას”. წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.