ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში 26 აპრილს გაიმართება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის — „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ — ნახევარფინალური თამაში 2018 წლის 26 აპრილს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება.
ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 374 სკოლის გუნდი, თითოეული 6 მოსწავლის შემადგენლობით.
ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?“.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.
ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 21 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.