ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ჟანდარმერია კავკასიაში“ გაიხსნება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ჟანდარმერია კავკასიაში“ გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ჟანდარმერია კავკასიაში“ გაიხსნება.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ორიგინალი დოკუმენტები, ისე ფოტოასლები თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდიდან, რომელიც 1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციასა და სხვა საინტერესო დოკუმენტებს აერთიანებს.

„მასალას ერთვის პატიმრებზე 1904-1917 წლებში შედგენილი ჟანდარმერიის ბარათები. ფოტოებთან ერთად, ბარათებმა შემოგვინახა დაკავებულის თითის ანაბეჭდები, პირადი ინფორმაცია, ფიზიკური აღწერილობა და ინფორმაცია ბრალდების შესახებ. ჩვენამდე ასეთი 5413 ბარათია მოღწეული.

რაც შეეხება ჟანდარმერიის ფოტოკოლექციას, ის, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904-1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მიერ დაპატიმრებული ადამიანების 5000-მდე ფოტოს, რომლებიც მათ დაკავებისას გადაუღეს“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, პატიმრებს შორის არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი საქმიანობის გამო ჟანდარმერიასთან პრობლემები ექმნებოდათ. მასალებში შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, რაჟდენ არსენიძის, ანა სოლოღაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, იოსებ იმედაშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებსა და ჟანდარმერიის ბარათებს.

„ფოტოკოლექცია და ბარათები, გარდა მისი პირდაპირი შინაარსისა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო. მის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულთა გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი