ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი, 300 000 ლარამდე იზრდება
ეროვნულ ვალუტაში სესხის აღებისას, 200 000-ლარიანი ზღვარი, 300 000 ლარამდე იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან, 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკის დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები მზარდ ტენდენციას ატარებს.

„როგორც 200 000 ლარზე მოქმედებდა, ეს ზღვარი 300 000 ლარამდე იზრდება. იმ მოსახლეობას, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, 300 000 ლარამდე სესხს აიღებენ მხოლოდ ლარში“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე, დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში. დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში. ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – წერია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.