ეროვნული მუზეუმი - ინფორმაცია, თითქოს ვანში აღმოჩენილ ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებულ ყელსაბამს 12 კუს გამოსახულებიანი ფიგურა აკლდა, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, ინფორმაცია თითქოს სამკაულს „აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში“, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყელსაბამის ფრაგმენტი დაიკარგა და რამდენიმე დღის წინ ეს ფრაგმენტი ერთ-ერთ ფრანგულ ვებგვერდზე გასაყიდად გამოფინეს.