„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) წინასაარჩევნო ბიულეტენს აქვეყნებს.
დოკუმენტი ეყრდნობა რვა საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას, დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე „კოვიდ-19“-ის გავლენას ადევნებენ თვალს.
„8 ოქტომბრის მდგომარეობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 49 პოლიტიკური პარტიისა და ორი საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიებს ამოწმებს. მაჟორიტარობის კანდიდატების ჯამური მონაცემების ანალიზი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 3 სექტემბერს პარლამენტმა სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილება შეიტანა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ან მათი იძულების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგელობა დააწესა. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა „ენდიაისთან“ საუბარში სხვადასხვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ მთავარი გამოცდა ამ წესების მიუკერძოებელი აღსრულება იქნება.
ამ ეტაპისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ეფექტიანად და ვადების დაცვით ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები საკმაოდ გვიან შევიდა. მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცესკო-მ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. ის ორგანიზებას უწევდა ჩართულ მხარეებთან დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, კენჭისყრის დღეს პანდემიის გავრცელების შესაკავებლად გასატარებელი სპეციალური ღონისძიებები; ამასთანავე, რეგულარულად აქვეყნებდა სიახლეებს საკუთარ საქმიანობასა და საარჩევნო პროცესებზე. თუმცა, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე არსებული დაუბალანსებელი შემადგენლობის გამო წუხილს გამოთქვამენ.
7 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკო-მ 72 ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჩართული მხარეები პოზიტიურად აფასებენ სადამკვირვებლო სივრცის ასეთ მრავალფეროვნებას, თუმცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს, სხვადასხვა პარტიასთან არის დაკავშირებული, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხელის შეშლას ცდილობს.
ცესკო-ს განცხადებით, ახალმა წესებმა, რომლის მიხედვითაც, ბოლო საერთო არჩევნების დროს პარტიის მიერ დანიშნული პირების კომისიის მიუკერძოებელ (პროფესიული ნიშნით შერჩეულ) წევრებად დანიშვნა იკრძალება, 892 კანდიდატის დისკვალიფიკაცია გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წესები წარსულში პარტიის წარმომადგენლის ან ცხადად გამოხატული პოლიტიკური კუთვნილების მქონე ადამიანების დანიშვნის შესაძლებლობას კვლავ იძლევა.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მთავრობის მზაობას, აღასრულოს რეგულაციები, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლების დაშინებასა და მოსყიდვას ეხება. სავარაუდო დარღვევები ძირითადად შემდეგი ტიპის შემთხვევებს მოიცავს: საჯარო მოხელეების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ან სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებზე ზეწოლა, რომ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული დახმარების იმგვარად გაცემა, რომელიც, შესაძლოა, კამპანიის აქტივობად იქნას აღქმული. „ქართული ოცნება“ უარყოფს და დაუსაბუთებელს უწოდებს მსგავს ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ეკონომიკური სირთულეების დაძლევისთვის პირდაპირი დახმარების გაცემა აუცილებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში საუბარია წინასაარჩევნო გარემოზეც.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ცესკო-ს მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსზე, რომელსაც 40-მდე პარტიამ მოაწერა ხელი, თუმცა ამის მიუხედავად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ჩართული მხარე „ენდიაისთან“ საუბრისას ფიზიკური ძალადობისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობს.
„წინა წლების მსგავსად, საარჩევნო კამპანიების ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების თანახმად (რომელიც თავად პარტიების მიერ მიწოდებულ ფინანსურ ანგარიშებს ეყრდნობა) „ქართული ოცნების“ შემოსავლები და დანახარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შემოსავლებსა და დანახარჯებს იმავე პერიოდში.
ამ დრომდე სულ მცირე 40-მა პარტიამ, „ქართული ოცნებისა“ და წამყვანი ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, მოაწერა ხელი ცესკო-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ქცევის კოდექსს. კოდექსი ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას, თავი შეიკავონ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მშვიდობიან საარჩევნო გარემოსა და საკითხებზე ორიენტირებულ კამპანიას შეუწყონ ხელი. კოდექსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სანქცირების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხები ბუნდოვანია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ჩართული მხარე „ენდიაისთან“ საუბრისას ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას.
სხვადასხვა ჩართული მხარე და მედია პარტიის წევრებზე, აქტივისტებზე, მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო კამპანიისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფერხების შესახებ საუბრობს. რამდენიმე საქმეზე სავარაუდო დამრღვევები დაკავებულები არიან ან მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ბიულეტენში პოზიტიურად არის შეფასებული პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამების შემუშავება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება.
„პროგრამები ძირითადად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, სასამართლო რეფორმა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. პროგრამები პარტიების ძირითადი მხარდამჭერებისთვის აქტუალურ საკითხებს ასახავს და დამატებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსაც ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შინაარსობრივი დებატების გასამართად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია, პროგრამებს საარჩევნო კამპანიებში სათანადო ყურადღება არ ეთმობა და სატელევიზიო და ბეჭდური მედიის მიერ ფაქტობრივად არ შუქდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.