ეროვნულ ბიბლიოთეკაში განთავსდა ყუთი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვაჟა გაფრინდაშვილს სამადლობელი წერილი გაუგზავნოს
მადლიერების წერილები ვაჟა გაფრინდაშვილს, – ეროვნულ ბიბლიოთეკაში მადლიერების აქცია გაიმართა. განთავსდა ყუთი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მისწეროს ვაჟა გაფრინდაშვილს და მადლობა გადაუხადოს.
ყუთში მოთავსებული ყველა წერილი საახალწლოდ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს გადაეცემა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილები. როგორც თათა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, დღეს უნდა გამართულიყო თავისუფლების სიგნალის აქცია და ბედნიერია, რომ ეს აქცია სამადლობელმა აქციამ ჩაანაცვლა.
„დღეს გვქონდა დაგეგმილი თავისუფლების სიგნალის აქცია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს აქცია მადლიერების აქციამ შეცვალა. ადამიანები მოდიან აქ და წერილებს წერენ მამასთვის, რა თქმა უნდა, ამ წერილებს წავიღებთ და წავიკითხავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა, განიცადა ეს ამბავი და პატარა წვლილი შეიტანა მამას გათავისუფლებაში. სიტყვებით ვერც გადმოვცემ, რამხელა ბედნიერებაა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის“,- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.
სამადლობელი აქცია ასევე დაგეგმილია ქუთაისსა და ბათუმში.