ერმილე ნემსაძე ლბგტ პრაიდის ორგანიზატორებთან საქართველოს პირველ არხზე ღია დებატებს ითხოვს
ერმილე ნემსაძე ლბგტ პრაიდის ორგანიზატორებთან საქართველოს პირველ არხზე ღია დებატებს ითხოვს

„შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ტოპოგრაფიული ჯგუფის მომზადების უფროსი ერმილე ნემსაძე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებთან ღია დებატებს ითხოვს.

დებატების გამართვის მოთხოვნით ერმილე ნემსაძემ საქართველოს პირველ არხს მიმართა.

„ჩვენ შევიტანეთ განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ოფიციალურად მოვთხოვეთ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს ეთერის გახსნა. ვთხოვეთ, რომ გეიპრაიდის ორგანიზატორები მობრძანებულიყვნენ და გვესაუბრა ამ თემებთან დაკავშირებით ღია ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, საზოგადოებაში არსებული მძაფრი ფონი გამოიტანოს საჯაროდ. ამიტომ ველოდებით პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“, – აღნიშნა ერმილე ნემსაძემ.

მისივე თქმით, უჩნდება კითხვა, ლგბტ პრაიდის გარშემო მიმდინარე მიმდინარე პროცესებს ხომ არ ლობირებენ რუსული სპეცსამსახურები.

„მინდა, უსაფრთხოების კონტექსტში განვიხილო ყველაფერი რაც ხდება. ადამიანები მიეჩვივნენ ისეთ დამოკიდებულებას, რომ ეს არის ღირებულება, სტანდარტი, რომ საქართველო იქნას შემდგარი ევროპული და ასე შემდეგ. გვესმის ეს დემაგოგია, თუმცა დაავიწყდა იმ საზოგადოებას, ვინც ამ სიტყვას ამბობს, რომ საქართველო არის ქრისტიანული და კავკასიური მენტალობის სახელმწიფო, რომლისთვისაც, როგორც წყალსა და ზეთს შორის, მიუღებელი და შეუთავსებელი არის აღნიშნული კულტურა. თუ დავუშვით საქართველოში გეიპრაიდი, სოდომისტების ტაშ-ფანდური, ვერასდროს შევრიგდებით ვერც აფხაზ და ვერც ოს ძმებთან. ჩვენ ვიკვლევდით განწყობებს. მივესალმებით გახარიას განცხადებას, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ აღნიშნული პრაიდის იმ ფორმატით ჩატარებას, რასაც ისინი თავიდან მოითხოვდნენ, რადგან შეიარაღებული ძალების ოფიცრები აცხადებდნენ, რომ გაიხდიან ფორმას და უარს იტყვიან აღნიშნული ღონისძიებების დაცვაზე. ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო და ხშირად არის ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით საუბარი. მიჩნდება კითხვა, ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ ქართველების, აფხაზებისა და ოსების დაშორებას, ვიცი, ვინც არის, რუსეთი. მიჩნდება კითხვა, ხომ არ ლობირებს ეს ქვეყანა ამ ჯფგუფებს, რათა საქართველოში იქნას კულტივირებული სპეცსამსახურები, ისეთი უბედურება, რომელსაც სამუდამოდ მოაქვს გახლეჩა ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ერმილე ნემსაძემ.

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ ერმილე ნემსაძე და ლბგტ პრაიდის ორგანიზატორები თუ შეძლებენ დებატებზე შეთანხმებას, საქართველოს პირველი არხი მზად არის, უზრუნველყოს გაშუქება.

„ჩვენი პოზიცია ასეთია – თუ მხარეები მოახერხებენ შეთანხმებას, კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან და მედია დაინტერესდება, ჩვენ ცხადია, უზრუნველვყოფთ ურთიერთობის გაშუქებას“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.