ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს
როგორც პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან ორი დღის წინ დაიწყო, ხოლო გუშინ კვლავ განახლდა. ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური.