ერევანში პირველ ოქტომბერს ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც სომხეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით მოლდოვის პრეზიდენტი დაესწრება, ხოლო საპატიო სტუმრებად მიწვეულები არიან ირანის პრეზიდენტი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საქმიანობის მიმდინარე საკითხებს, ინტეგრაციული პროცესების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს განიხილავენ და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ასევე ევრაზიულ კავშირსა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომის ფარგლებში ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როუჰანთან გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს.