ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის დირექტორი - გამხმარი ხეები ისტორიულ სასახლეს და გალავანს საფრთხეს უქმნის
თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში მდგარი მრავალწლიანი გამხმარი ხეები და ნაძვები ისტორიულ სასახლეს და გალავანს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ პირველ არხს ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ძლიერი ქარის დროს სამი ხე მოტყდა და გალავანს დაეცა, რის შედეგადაც ისტორიული გალავანი მცირედ დაზიანდა. ამასთან, ისტორიული მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, რომ ხეები „წითელ წიგნში“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს არ წარმოადგენს.
„მსგავსი რამ ნებისმიერი ქარის დროს შესაძლებელია განმეორდეს“, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია.
„ქალაქ თელავის მერიას და სატყეო დეპარტამენტს უკვე მივწერეთ წერილი, სადაც აღნიშნული საკითხის შესწავლას და პრობლემის გადაწყვეტას ვითხოვთ. იმედი გვაქვს, გაითვალისწინებენ მოსალოდნელ საფრთხეებს და ხმელი ხეებისა და ნაძვების მოჭრის სამუშაოებს დროულად განახორციელებენ. ეს ხეები არ წარმოადგენს „წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი ხის სახეობას, მგონი ციმბირული შავი ნაძვის სახელითაა ცნობილი და 70-იან წლებშია დარგული. მას მოკლე ფესვთა სისტემა აქვს და ქარი ადვილად აქცევს“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.
ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოჭრილი ხეების ნაცვლად, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე დენდროლოგიური განაშენიანებისთვის გამოცხადდება თუ არა ტენდერი, ჯერ უცნობია.