მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერია 15 000 ლარით დაჯარიმდა 
მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერია 15 000 ლარით დაჯარიმდა 

სიღნაღში, მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერია 15 000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც პირველ არხს კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, სიღნაღის მერიის მხრიდან გამოიკვეთა კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რეაბილიტაციის პროექტი არ ყოფილა სააგენტოსთან შეთანხმებული და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლზე თვითნებურად განხორციელდა შელესვისა და შეღებვის სამუშაოები, რის გამოც მერია 15 000 ლარით დაჯარიმდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არ გამორიცხავენ პროექტის მწარმოებელი სამშენებლო კომპანიის დაჯარიმებასაც.

სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ითვალისწინებდა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე არსებული რკინის მესერის განახლებას და ქალაქის არქიტექტურასთან შესაბამისობით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„მერიას პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან იმის გამო არ შეუთანხმებია, რომ პროექტის მიხედვით, არანაირი შეხება არ უნდა ყოფილიყო ისტორიულ გალავანზე და ბურჯთან. მერიას დაქირავებული ყავს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაეკონტროლებინა, როგორ ახორციელებდა მშენებელი კომპანია სამუშაოებს. ჩვენი მხრიდან პასუხს აღნიშნულ კომპანიას მოვთხოვთ”,- განუცხადა პირველ არხს სიღნაღის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა.

პროექტის განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსმა“ ორი თვის წინ დაიწყო. პარკში შესასვლელი ბილიკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე გალავნის თაღის ქვეშ გადის, რომელზეც კიბის მიშენება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობდა, რაც ძველ ფოტომასალაშიც ჩანს. ხელოსნებმა გუშინ თაღი და ბურჯი ღია ფერის საღებავით გადაღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოთხოვნით, სიღნაღში სამუშაოები გაურკვეველი ვადით შეჩერდა.