ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სურდა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს
მინდოდა, ჩამეყენებინა ჩემი თავი იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დამერღვია მათი კანონები, შევსულიყავი, ამეხსნა, მივსულიყავი, როგორც დახმარების მთხოვნელი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში განაცხადა.
როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, დღეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.
„გუშინ, ღამით მქონდა მცდელობა. ჩემი ჭკუით, გავედი-გამოვედი და სადღაც ეკალ-ბარდებში მოვხვდი, წამოვედი ამ ტურების კივილში. დღეს უკვე ცნობილი იყო უშიშროებისთვის და ვუთხარი, სადამდეც მივალ, მივალ-თქო. მინდოდა იქ გადასვლა, ჩაბარება და ლაპარაკი იმ ენაზე, რომელიც მათ იციან. ვფიქრობ, ისინი გაიგებდნენ. გამოვიდეთ ამ ყავისფერი ჭირისგან, ნაციონალური ჭირისგან, რომელიც სულ ცდილობს, გაგჭედოს. ისინი არიან მტრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მტრებიც არიან. ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამბობენ, დაელაპარაკეთ რუსეთს, დაალაგეთ რუსეთთან ურთიერთობა, ნუ გაამძაფრებთ ვითარებას, რადგან ჩვენ ვერ ვეხმარებით. ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ მივუშვიროთ უკანალები, ვაფურთხოთ“, – განაცხადა კუხიანიძემ.
მისივე თქმით, გეგმავს ანატოლი ბიბილოვთან დალაპარაკებას და დახმარების თხოვნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ მათაც არ უნდათ, ეს კაცი ჰყავდეთ, მაგრამ მოხვედრილი არიან ჩიხში. თავის კანონების მიხედვით ვერ ახერხებენ. აქედან მიდის მიწოლა და ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ღირსია მისი პატივისცემის, გაიგებენ და კიდევ მივმართავ არაერთხელ. მინდოდა ჩამეყენებინა ჩემი თავი იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვაჟა გაფრინდაშვილია. დამერღვია მათი კანონები, შევსულიყავი, ამეხსნა. ჩვენ აღმოვჩნდით ერთ მხარეს, რომ მოვიცილოთ ეს ნაციონალური ჭირი. ნაციონალების შიშით ჩვენი სახელმწიფო იმასაც კი ვერ ახერხებს, რასაც გვირჩევს ჩვენი პარტნიორი. ჩვენ ოპოზიციურმა ძალებმა ჩაგვაყენეს ფსიქოზის მდგომარეობაში. ეს არის მათი ტაქტიკა, შექმნან ისეთი გარემო, რომ ჩვენ დავკარგოთ კოორდინაცია. ჩემი განცხადებებიც ეს იყო. ვიდრე ვიღაც რაღაცას მეტყოდა, მე უკვე შევცვალე ჩემი ნათქვამი. არის რაღაც რეალობა, მე უფლება ხომ უნდა მქონდეს რომ შევიდე, მაგრამ არ მიშვებენ. მინდა გადავიდე, მაგრამ არ მიშვებენ. ერთია რეალობა, რასაც ჩვენ ვამბობთ და მეორე, არ მიშვებენ. ამ შემთხვევაში ვაჟა გაფრინდაშვილმა, კონსპირაციული თვალსაზრისით, მაჯობა. ვწუხვარ, რომ მაჯობა კონსპირაციულობაში. მე რომ გადავსულიყავი, იმ კაცს გამოვიყვანდი. იმათ აქვთ თავისი კანონები. ჩვენი აზრით, ის არ არის მართალი, იმათი აზრით, ის მართალია. რეალობას ჩვენ ვერ ვცვლით. თუ რაღაც გაქვს სათხოვნელი, კაცურად, ღირსების შელახვის გარეშე უნდა სთხოვო. ამიტომ ვაპირებდი, დამერღვია, შევსულიყავი და მეთქვა, რომ მე ვაღიარებ, რომ შენ გაქვს შენი კანონი“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დღეს დაატოვებინეს. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.