ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე მიესალმება ერეკლე კუხიანიძის თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხვას
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე მიესალმება ერეკლე კუხიანიძის თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხვას

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვას მიესალმება. თამილა ლაფანაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა პარტია პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი წევრების გამონათქვამებსა და გადაწყვეტილებებზე.

„ყველა ადამიანმა და საჯარო პირმა ფრთხილად უნდა გამოხატოს თავისი მოსაზრება. არავინაა აზრის გამოთქმის თავისუფლების წინააღმდეგი, ძალიან სასიამოვნოა დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ როდესაც ხარ საჯარო პირი, ამ განცხადებებით არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა ჩვეულებრივ პირებს, ვისი არჩეულიც ხარ. არ უნდა გადმოაკოპირო და გაიზიარო ის განცხადებები, რომელსაც აქვეყნებს „კაგებეს“ უწყება. ამაზე ჩვენს უშიშროების სამსახურს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ეს არის დეზინფორმაცია. გამოდის, რომ სახელმწიფო მოხელეები თვითონ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებას უპირისპირდებიან. ამიტომ, უნდა დაფიქრდნენ ამაზე“, – აცხადებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ეთანხმებიან დეზინფორმაციას, აუცილებლად მოუწევთ სასამართლოში პასუხისგება.

„ბოტების ქარხანას ვურჩევ, ისინიც ადამიანები არიან და დრო მოვა, გაიშიფრებიან. ამიტომ, გონს მოუხმონ და არ მგონია, ისინიც კმაყოფილი იყვნენ თავიანთი სამსახურის. პასუხისმგებლიანი ფაქტი მოხდა და მივესალმებით, არა მარტო „ოცნება“, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, რასაც აკეთებს. ყველა პარტია პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი წევრების გამონათქვამებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველა ადამიანი გამოხატავს არა მხოლოდ თავის აზრს, არამედ თავისი პარტიის. მით უმეტეს, როდესაც სახელწიფო ფიგურა ხარ. ამიტომ, ცოტა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც არის ტყვეობაში, პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე, ის იქ წარმოადგენს საქართველოს და მინდა, ეს ყველამ გაითვალისწინოს, აქედან მაინც ნუ შევასხამთ მას ტალახს“, – თამილა ლაფანაშვილი.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ. შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ.