ერდოღანი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ კითხვებზე პასუხებს ელოდება
ერდოღანი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ კითხვებზე პასუხებს ელოდება

„საუდის არაბეთს ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით კვლავ ძალიან ბევრი კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“, – ამ სათაურით Washington Post-მა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტატია გამოაქვეყნა. თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკულ გამოცემაში რამდენიმე მთავარი კითხვა დაწერა, რომელზეც პასუხის გაცემა ერ-რიადს აუცილებლად მოუწევს. ერდოღანის თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და სად არის ჟურნალისტის ცხედარი.

Washington Post-ის სტატიაში თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე კითხვას თავად გასცა პასუხი.

„ჩვენ ვიცით, რომ საუდის არაბეთში დაკავებულ 18 ეჭვმიტანილს შორის არიან დანაშაულის უშუალო შემსრულებლები. ასევე, ვიცით, რომ აღნიშნული ინდივიდები განკარგულებას ასრულებდნენ და ბოლოს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთა საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მოდის“, – აღნიშნულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტატიაში.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაწერა, რომ ჯამალ ხაშოგი ისლამის მიხედვით, საკადრის დაკრძალვას იმსახურებს. ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ორ ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.