ერდოღანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამინისტროების რაოდენობის შემცირებას გეგმავს
ერდოღანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამინისტროების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამინისტროების რაოდენობის შემცირების პირობას დებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, სამინისტროების რაოდენობა 37 იყო. ჩვენ მათი რიცხვი 26-მდე შევამცირეთ. ახლა ვაპირებთ კიდევ 10 სამინისტროს გაუქმებას“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში 16 სამინისტრო იქნება. ეკონომიკური განხრით დღეს არსებული ექვსი სამინისტროდან კი, მხოლოდ სამი დარჩება.

„ახალი სისტემით ჩვენ შევამცირებთ ბიუროკრატიას. გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად მივიღებთ. ყველა სერვისი იქნება შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა ცხრა პოლიტიკური საბჭოს დაფუძნება დაანონსა, რომლებიც პრეზიდენტს დაექვემდებარება და სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს.

თურქეთის ლიდერმა გუშინ სტამბოლის ევროპულ ნაწილში მშენებარე ახალი აეროპორტი დაათვალიერა. წინასწარი პროგნოზებით, 24 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტია გაიმარჯვებენ. თუმცა სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობა დღეს იმაზე მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ერდოღანმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ასევე, უცნობია, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნებას.

ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გამართოს, რის გამოც შესაძლოა, პროცესი გაჭიანურდეს.