ერაყში ბასრას აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა
ერაყში ბასრას აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა

ერაყში ბასრას აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით The Washington Post-ი იუწყება.

„კატიუშას“ სახელით ცნობილი საველე რეაქტიული სისტემიდან ოთხჯერ გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

აეროპორტის წარმომადგენლების ცნობით, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე მომხდარ თავდასხმას ფრენებისთვის ხელი არ შეუშლია.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ჯერ უცნობია, ვინ დგას ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხმის უკან, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოში ქაოსურ ღამეს მოჰყვა.

7 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ ბასრაში აქციის მონაწილეები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. რის შემდეგაც ოფიციალურმა თეირანმა ყერაყში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

ქალაქ ბასრაში უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები სასმელ წყალსა და ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციების დროს 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.