მომდევნო ოც წელიწადში, ყოველი ოთხი ჩვენგანიდან სამი საკუთარ თავზე გამოცდის ამინდის უკიდურეს ცვლილებებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
„საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი გაანგარიშებით, სწრაფი ცვლილებები 1,5 მილიარდ ადამიანს შეეხება“, — ამბობს ნორვეგიის კლიმატის კვლევის საერთაშორისო ცენტის (CICERO) ფიზიკოსი ბიორნ სამსეტი.
ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას — რაც ჯერ მიუღწეველია.
სხვა შემთხვევაში, CICERO-ს კლიმატის მეცნიერის, კარლი ილისა და მისი კოლეგების მოდელირებამ აჩვენა, რომ თუკი ამჟამინდელი კურსი გაგრძელდება, სახიფათო ცვლილებები დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტს შეეხება.
მათი მოდელირების თანახმად, სამომავლო მოვლენათა დიდი ნაწილი უკვე გარდაუვალია.
„ამასთან გამკლავების ერთადერთი გზა არის სიტუაციისთვის მომზადება, უპრეცედენტოდ ექსტრემალური ამინდის მოვლენებისთვის, თანაც მომდევნო ოცი წლის განმავლობაში“, — განმარტავს სამსეტი.
ასეთი უკიდურესობების მაგალითები უკვე გამოვცადეთ.
ევროპის კლიმატის სერვისის, „კოპერნიკის“ მონაცემები აჩვენებს, რომ დედამიწამ სულ ახლახან გამოსცადა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ზაფხული აღრიცხულთა შორის. წინა რეკორდი გასულ წელს ეკუთვნოდა. რეკორდულად თბილი ზამთარი იდგა სამხრეთ ნახევარსფეროშიც.
გლობალური ტემპერატურის ასე მატებამ განაპირობა ფატალური ხანძრები, წყალდიდობები, შტორმები და გვალვები; ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის უფრო მეტი დაავადების გავრცელებისთვისაც.
„საომარ ზონაში მცხოვრებთა მსგავსად, რომელთაც გამუდმებით ესმით ბომბებისა და იარაღის ხმა, სულ უფრო და უფრო ვეჩვევით და აღარაფრად ვაგდებთ განგაშის ზარებს, რომელსაც ბუნება რეკავს“, — ამბობს ვუდველის კლიმატური მკვლევარი ჯენიფერ ფრანსისი.
ილისა და მისი ჯგუფის მოდელირების თანახმად, მომავალში ამინდის ექსტრემალური ცვლილებები დღევანდელზე სწრაფად მოხდება. ეს კი გაზრდის უფრო სახიფათო ტემპერატურის, წვიმისა და ქარის შანსებს.
მაგალითად, მშრალი ჭექა-ქუხილის რაოდენობისა და მშრალი გარემოს რაოდენობის ზრდა მთელ მსოფლიოში უფრო ახშირებს და აძლიერებს ტყის ხანძრებს/ 2022 წელს, პაკისტანში ძლიერ სითბურ ტალღას უპრეცედენტო წყალდიდობა მოჰყვა, რაც მილიონობით ადამიანს შეეხო.
„საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება უკუდურესობათა მაღალ მაჩვენებელთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე საფრთხე იზრდება. სითბურმა ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს სითბური სტრესი და სიკვდილიანობის ზრდა როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში; ასევე ეკოსისტემის სტრესი, სოფლის მეურნეობაში მოსავლის შემცირება, ელექტროსადგურების გაგრილების პრობლემა და ტრანსპორტის ხელშეშლა“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ნალექების ზრდას შეუძლია გამოიწვიოს წყალდიდობები და დააზიანოს დასახლებები, ინფრასტრუქტურა, მოსავალი და ეკოსისტემები, გაზარდოს ეროზია და შეამციროს წყლის ხარისხი.
გამონაბოლქვის ამჟამინდელი ტრაექტორიით, განსაკუთრებით ტროპიკები და სუბტროპიკები აღმოჩნდებიან ამინდის უდიდეს უკიდურესობათა წინაშე.
„ფოკუსირება მოვახდინეთ რეგიონულ ცვლილებებზე, რადგან ადამიანები და ეკოსისტემები ამას უფრო მზარდად განიცდიან, ვიდრე გლობალურ საშუალოს; გვსურდა გამოგვევლინა რეგიონები, რომლებიც ამჟამინდელი კურსით არსებით ცვლილებებს შეეჩეხებიან უახლოეს ათწლეულებში, ერთზე მეტ ექსტრემალურ მოვლენას“, — ამბობს ილი.
სათბურის აირების გამოყოფის დრამატულად შემცირებით, ამ ეფექტთა ნაწილის შემცირება შეგვიძლია, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში ეს უფრო მყისიერ პრობლემებსაც გამოიწვევს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის გასუფთავება ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, ჰაერის დაბინძურება გლობალური დათბობის ზოგიერთ ეფექტს ნიღბავს. ახლა, ასე საჭირო გასუფთავება შეიძლება გლობალურ დათბობასთან კომბინირდეს და მომდევნო ათწლეულებში ძალიან ძლიერი ცვლილებები განაპირობოს. ჰაერის დაბინძურების სწრაფი გასუფთავება, ძირითადად აზიის თავზე, იწვევს იქვე არსებულ თბილ უკიდურესობათა მატებას და გავლენას ახდენს აზიის ზაფხულის მუსონებზე“, — ამბობს ინგლისის რიდინგის უნივერსიტეტის მეტეოროლოგი ლაურა უილკოქსი.
თუმცა, უმოქმედობა ნიშნავს იმას, რომ ამინდის უკიდურესობათა გაუარესება უახლოეს მომავალში ყველა ჩვენგანზე მოახდენს გავლენას.
„ასეთი დასკვნები ხაზს უსვამს მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოსალოდნელ უპრეცედენტო ცვლილებათა შემსუბუქების და მათდამი ადაპტაციის საჭიროებას; თანაც, ეს ცვლილებები გამონაბოლქვის შემცირების შემთხვევაშიც კი გარდაუვალია“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია reading.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.