მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამხარაულის ბიუროს კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებს გაეცნო
მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამხარაულის ბიუროს კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებს გაეცნო

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი გაეცნო. დასკვნას უნდა დაედგინა თემირლან მაჩალიკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გასროლის მომენტში.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ დასკვნის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისივე განცხადებით, ეს დასკვნა განსხვავდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნისგან.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ცნობით, მათ მიერ საქმეში ჩართულმა ექსპერტებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაადგინეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს საწოლიდან თავი არ ჰქონდა წამოწეული, შესაბამისად, ის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.

„ხვალ ოფიციალურად გადმომეცემა დასკვნა და შევძლებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია. სწორედ რა მოლოდინიც და ეჭვიც მქონდა მაღალი ალბათობით, ის გამართლდა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ვერ გაბედა, თქვას სიმართლე, ვინაიდან ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, დაადგინოს გარემოება, რომ თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული. ეს ვერ გაბედა. განსხვავებული პოზიცია რომ არსებობს ჩვენს მიერ მოწვეულ ექსპერტებს ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილსა და ბატონ ზაზა ალთუნაშვილს და სამხარაულის ექსპერტებს შორის, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერ გაბედეს, დაეწერათ სიმართლე. მე ქალბატონი მაიას და ბატონი ზაზას პოზიცია ვიცი. ვესწრებოდი ექსპერტიზას. თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული, იგი იწვა. შესაბამისად, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ დასკვნაში წერია განსხვავებული პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობას ვერ ადგენენ. მათ მოუწევთ არგუმენტებით ზუსტი განსაზღვრება, რატომ ვერ დაადგინეს. დეტალებს ხვალ გავარკვევთ, როდესაც გავეცნობი. ცხადია, ვერ გადმომეცემა დასკვნა. მე დღეს არ გამაჩნია დაზარალებულის სტატუსი. ფორმალურად ვარ მოსული. ერთი წელი გავიდა სპეცოპერაციის დღიდან და ამგვარი კიდევ ერთი უკანონობა და კიდევ ერთი ცუდი მოლოდინი, რომელიც მქონდა, გამართლდა. დღეს ასეთი სიურპრიზი გააკეთა სამხარაულის ბიურომ“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.