ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სხვადასხვა ხასიათის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სხვადასხვა ხასიათის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილს თითი ჰქონდა მოჭრილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დაზიანებები აღწერილი გვაქვს, ფოტოები გადაღებულია და დასკვნის გაცემის შემდეგ იქ ყველაფერი იქნება აღნიშნული. ისეთი მრავლობითი დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ინფორმაცია, თითქოს თითი ჰქონდა მოჭრილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა თითი ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილის გვამს. დაზიანებები უპირატესად იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით განვითარებული, რაც გამოიხატება სისხლჩაქცევების, ნაჭდევების სახით, ზოგან კანის მთლიანობის დარღვევით, მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ძირითადად ამ სახით იყო გამოწვეული დაზიანებები. დაზიანებები იყო მთელი სხეულის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოებში, ზურგის, თავის მიდამოში და სხეულის მთელ ზედაპირებზე”, – განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზებზე წინასწარი საუბარი მიზანშეუწონელია, თუმცა, რადგან ბევრი დაზიანებაა, შესაძლოა, წამებას ჰქონოდა ადგილი.
კითხვაზე, აქვს თუ ცხედარს შინაგანი ორგანოები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი პასუხობს, რომ ყველა კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ გასცემს და ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნაში დაიწერება.
„გვამთან ერთად მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რუსულ ენაზე და მე წავიკითხე ეს დასკვნა. დაზიანებების ნაწილი აღწერილი იყო დასკვნაში, რაც ჩვენ აღვწერეთ, შევადარებთ ამ დასკვნასაც და შემდეგ გეტყვით საბოლოო პასუხს. სიკვდილის მიზეზად დასახელებული იყო გულის მწვავე უკმარისობა. გვამს ჩაუტარდა რენტგენული გამოკვლევა. გვამზე არსებული დაზიანებები არის სიცოცხლეში განვითარებული. იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება 26-დღიანი დაგვიანებით მოხდა, გამოკვლევისას ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის”, – განაცხადა ექსპერტმა.