ექსპერტი - 20 ივნისის აქციის ვიდეოფირზე ისმოდა ირაკლი ოქრუაშვილის წამოძახილი „წავიდა, წავიდა“, რომლითაც ალბათ შეკრებილებს მიმართავდა
20 ივნისის აქციის ვიდეოფირზე ისმოდა ირაკლი ოქრუაშვილის წამოძახილი „წავიდა, წავიდა“, რომლითაც ალბათ შეკრებილებს მიმართავდა, – ამის შესახებ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ასმათ მატუშევსკაიამ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მოწმედ დაკითხვისას განაცხადა.
სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა აქციის ვიდეოფირს, რომელიც ბრალდების მხარემ საქმეში მტკიცებულებად წარადგინა.
„ორ მონაკვეთზე, ჩემი ვიზუალური აღქმით, ჩანს ეს პიროვნება. ისმოდა – წავიდა, წავიდა. ალბათ, წინ უნდა წასულიყო ეს მასა. დაზუსტებით თქმა თუ რომელი მიმართულებით „წავიდაზე“ იყო საუბარი, ექსპერტისთვის ცოტა რთულია“ ,- განაცხადა ექსპერტმა, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებისა და თავად ბრალდებულის შეკითხვების საპასუხოდ.
მანამდე, სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის აქციაზე ოქრუაშვილი არ უნახავს.
სხდომის არსებით განხილვას ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ბოლო პერიოდში პირველად ესწრებოდა. ის წინა რამდენიმე პროცესზე არ იმყოფებოდა.
პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ ბრალდებულის ვინაობის დადგენის მიზნით, შეკითხვები დასვა.
მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს ჰკითხა, რა განათლება ჰქონდა.
„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა, რის გამოც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და გააფრთხილა, რომ შემდგომში დარბაზიდან გააძევებდა.
ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, მისი შეფასებით არამნიშვნელოვანი მოწმეების მოხსნა მოითხოვა.
როგორც ოქრუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, ამით სახელმწიფოს რესურსი იხარჯება.
ოქრუაშვილმა უპასუხა პროკურორებსაც, რომლებიც დაცვის მხარეს სხდომის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. ოქრუაშვილის თქმით, მისი მიზანი რომ საქმის გაჭიანურება იყოს, მოწმეების მოხსნას არ ითხოვდა.
„რატომ ვაწვალებთ ამდენ მოწმეს, მიზანი პროცესის გაწელვა რომ იყოს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმის დაკითხვას მოვითხოვდით. სხვა საქმეზეც ვარ ბრალდებული.მეორე საქმეზე გადავერთო, თუ აქ ვიარო და ვუსმინო ამ მოწმეებს, დილემის წინაშე ვარ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე პოროკურატურას 400-მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი. მოსამართლემ მხარეებს დაავალა, მოწმეების მოხსნის საკითხზე შეთანხმდნენ.
20 ივნისის საქმეზე დღევანდელ პროცესზე სულ ხუთი მოწმე დაიკითხა. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 დეკემბერს, 14:00 საათისთვის ჩაინიშნა.
ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.