20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლო სამართლებრივ საფუძველზე დაყრდობით მიიღებს გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები.

რაც შეეხება სხდომას, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბრალდებული პროცესს არ დაესწრება. უფლებადამცველისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილი დისტანციურად.

„დღეს დაცვა ვამბობთ 20-21 ივნისის საქმეზე სიტყვას. რომ გითხრათ, მოლოდინი ისეთი მაქვს, რომ სამართლებრივ საფუძვლებზე გადაწყდება ეს საქმე, მოგატყუებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილს საერთოდ არ დააკავებდნენ და ბრალსაც არ წაუყენებდნენ, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ორ რამეს ედავებიან: თითქოს ის მონაწილეობდა ამ ძალადობაში და , თანაც, ხელმძღვანელობდა, ასე ვთქვათ, ამ ძალადობას. რაც შეეხება მონაწილეობას, იგი იმყოფებოდა მიტინგზე, საპროტესტო აქციაზე, როგორც ათასობით სხვა მოქალაქე, მაგრამ არც ერთი ფაქტი, არც ერთი ჩვენება, არც ერთი კადრი, რომ მას პოლიციელებთან ან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ან საერთოდ ვინმესთან შეხება ჰქონოდეს, ან სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს, ასეთი არ არსებობს. რაც შეეხება ხელმძღვანელობას, ეს შეხლა-შემოხლა დაწყებული იყო, როცა ირაკლი „ედეპეს“ ოფისში იყო. მაშინ მოისმინა ტელევიზიაში და არანირი მტკიცებულება, თითქოს ირაკლის ხელმძღვანელობით მოხდა ეს ყველაფერი, არ არსებობს. ანუ ამით ბრალდება გვეუბნება იმას, რომ არა ირაკლი ოქრუაშვილი, თითქოს ეს შეხლა-შემოხლა არ მოხდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია და ამ შეთხვევაში ხელისუფლების გარკვეული პირების უგუნურ ქმედებას აბრალებენ ირაკლი ოქრუაშვილს. არ მგონია, რომ სამართლებრივი საფუძვლებით გადაწყდეს ეს საკითხი, თორემ წინააღმდეგ შემთვევაში, რა თქმა უნდა, არც ბრალთან მივიდოდით და გამამტყუნებელ განაჩენზე საუბარი ხომ ზედმეტია. მოსამართლის გადასაწყვეტია, დღესვე გამოაცხადებს თუ რამდენიმე დღე სათათბიროდ გავა, თუმცა, ისე ჩქარობდნენ, ველოდები, რომ დღეს გამოაცხადებენ“, – განაცხადა მამუკა ჩაბაშვილმა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლებას აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.