ორი პრეპარატის ექსპერიმენტული კომბინაციით, მეცნიერებმა თაგვებში ფილტვის კიბოს ერთ-ერთი მომაკვდინებელი ფორმის, წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (SCLC) პროგრესის შეჩერება შეძლეს. იმედისმომცემი შედეგების შემდეგ, უკვე იგეგმება ცდების დაწყება ადამიანებზე.
ერთ-ერთი პრეპარატი, სახელად ციკლოფოსფამიდი, წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობაში 1980-იანი წლების შემდეგ თითქმის აღარ გამოიყენებოდა, მას შემდეგ, რაც ის ჩაანაცვლეს უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატით.
თუმცა, როგორც ციკლოფოსფამიდის, ისე მისი ალტერნატივის შემთხვევაში, კიბოს სწრაფად უვითარდება პრეპარატისადმი რეზისტენტულობა.
ამჯერად, ახალი ექსპერიმენტის ავტორებმა შეძლეს დაედგინათ, როგორ ეწინააღმდეგება წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ციკლოფოსფამიდის ეფექტებს და მის შესახებ რაღაცაც მოიმოქმედა.
მათ მიერ შემუშავებული მეთოდი არსებითად ბლოკავს აღდგენის იმ პროცესს, რომლითაც კიბოს უჯრედები ციკლოფოსფამიდისადმი რეზისტენტულობას გამოიმუშავებენ.
„პრობლემა ის არის, რომ სიმსივნე მკურნალობაზე თავდაპირველად რეაგირებს, მაგრამ შემდეგ, კვლავ უკან ბრუნდება. 30 წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ეს სიმსივნე ისეთივე ძლიერ რეზისტენტულია თითქმის ყველაფრისადმი“, — ამბობს სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პათოლოგ-იმუნოლოგი ნიმა მოსამაპარტასი.
ახალი შედეგები ეფუძნება ამავე ჯგუფის მიერ ჩატარებულ წინა კვლევას, რომელშიც გამოავლინეს, რომ კიბოს უჯრედების აღდგენაში ჩართულია ცილა RNF113A – კერძოდ კი დნმ-ის დაზიანების, სახელად ალკილირების დაზიანების აღდგენაში, რასაც პრეპარატ ციკლოფოსფამიდის მოქმედება იწვევს.
დამატებითმა კვლევებმა ცხადყო, რომ RNF113A-ს არეგულირებს SMYD3 — ცილა, რომელიც ძლიერ არის გამოხატული წვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოში და მაღალი დონით გვხვდება დაავადების უფრო ინვაზიურ ფორმებში. მომატებული დონე ასევე დაკავშირებულია ალკილირების ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი (კატეგორია, რომელშიც ასევე შედის ციკლოფოსფამიდი) გაზრდილ რეზისტენტულობასთან და აუარესებს ზოგად პროგნოზს.
ამისგან განსხვავებით, ფილტვის ჯანსაღ სხეულებს SMYD3-ის ძლიერ დაბალი დონე აქვს.
ამ ცოდნით შეიარაღებულმა მკვლევრებმა სცადეს, მიზანში ამოეღოთ SMYD3 თაგვებში, რომლებშიც მათ ადამიანის ფილტვის სიმსივნე ჩანერგეს; ზოგიერთი მათგანი უკვე ნამკურნალევი იყო ქიმიოთერაპიით, ზოგი კი არა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ციკლოფოსფამიდმა დროებით იმუშავა, SMYD3 ინჰიბიტორმა კი გარკვეულწილად შეამცირა სიმსივნის ზრდა, კიბომ ზრდა სრულად შეწყვიტა მხოლოდ ორი პრეპარატის კომბინირების შემდეგ.
კიბოს დათრგუნვა მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში გაგრძელდა (დაახლოებით ერთ თვეს), გაცილებით დიდხანს მას შემდეგ, რაც სხვა ერთეული პრეპარატები წარუმატებელი გამოდგა.
„ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია ახალი სამიზნე ძველ პრეპარატთან გავაერთიანოთ, შედეგად კი შევამციროთ რეზისტენტულობა, მკურნალობა პოტენციურად უკეთესი გავხადოთ და პაციენტებს გაცილებით უკეთესი შანსი მივცეთ“, — ამბობს მოსამაპარტასი.
ჯერ ძალიან ადრეა, სულ მცირე იმიტომ, რომ მეთოდი ჯერ მხოლოდ თაგვებზე შემოწმდა. მეცნიერებს ექსპერიმენტების გაგრძელება სურთ, რათა გაარკვიონ, შეძლებენ თუ არა გამოყენებული ციკლოფოსფამიდის დონის შემცირებას, რათა შეზღუდონ ის ტოქსიკური გვერდითი ეფექტები, რომელთა გამოც შეწყდა ამ პრეპარატის გამოყენება თავის დროზე.
აშკარაა, რომ ციკლოფოსფამიდის ჩამნაცვლებელი პრეპარატები არაფრით არის უკეთესი წვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოსთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ სხეულს ნაკლებად აზიანებენ. ამჟამინდელ სამკურნალო საშუალებებს სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ დაახლოებით ორიდან ექვს თვემდე შეუძლია.
ამჯერად, მკვლევრები ადამიანებზე კლინიკური ცდების პირველი ფაზის დაწყებას გეგმავენ. კვლევის ერთ-ერთი იმედისმომცემი ასპექტი ის არის, რომ როგორც აჩვენა, შეიძლება იმუშაოს ისეთი კიბოების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგიერთი პრეპარატისადმი უკვე რეზისტენტული გახდა.
„ერთ-ერთი გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ, არის ექიმების დარწმუნება, რომ დაუბრუნდნენ ძველ წამალს. თუმცა, კარგი ამ სტრატეგიაში ის არის, რომ შეიძლება იმუშაოს იქ, სადაც ამჟამინდელი თერაპიები უძლურია“, — ამბობს სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის პათოლოგ-იმუნოლოგი ნიმა მოსამაპარტასი.
კვლევა Cancer Discovery-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია wustl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.