ექიმის ინფორმაციით, თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე გაზის ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა
თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პირველ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.
„8 დეკემბერს, დილის 10:20 საათზე შემოყვანილი იქნა ქალბატონი, 32 წლის, სავარაუდოდ ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული კვლევების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა ამოყვანილი. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული. 17:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა მაია თოფჩიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში ახალგაზრდა ქალის 22 წლის ძმაც.
„შემოსვლისას გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდგომაც, პატრონების მოთხოვნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა სხვა კლინიკაში“, – განაცხადა ექიმმა.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.
„თბილისი ენერჯიში“ განაცხადეს, რომ მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ მან ხელმეორედ, კუსტარულად დააერთა. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.