ექიმის ინფორმაციით, რუსთავში დაშავებული ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია
რუსთავიდან თბილისში გადაყვანილი ცხრა წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილურია, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა დავით ლალიაშვილმა განუცხადა.
ექიმის თქმით, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„გოგონას მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და ამჟამად მის ჯანმრთელობაზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. პაციენტს მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანებები და თეძოს ფრთის ფრაგმენტული მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტის დაზიანებების გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა დავით ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა წლის გოგონამ მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება მიიღო. ის შოკური მდგომარეობით მიიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი ამ დრომდე მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ განაგრძობს. კიდევ ერთი პაციენტი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუსთავში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი მცირეწლოვანია.