ლევან ხაბეიშვილი - პოლონელი ექიმები მზად არიან, როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა
ლევან ხაბეიშვილი - პოლონელი ექიმები მზად არიან, როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა

ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას, რათა პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს, ჩვენ რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, პოლონელ ექიმებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

„მინდა, კიდევ ერთხელ პრეზიდენტ სააკაშვილს მივულოცო პუტინის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება და, ფაქტობრივად, მთავარი ტერორისტი გამოკეტილია კრემლში. ამასობაში, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს კრემლის საამებლად წამებით კლავს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებითა და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. ამასობაში, საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას, რათა პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ჩვენ რუსული ოცნებისგან, რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით, ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან მაშინვე, როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ამიტომ რატი ბრეგაძეს, რომელსაც, სხვათა შორის უცხოეთში თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასწავლა, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, გაითვალისწინოს საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის მოწოდება, რომელმაც ღიად და პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლებული უნდა იქნას, უნდა მოუსმინოს ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომელმაც გამოუცხადა დემარში პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, მან უნდა მოუსმინოს ომში მყოფ მთავარსარდალს, ზელენსკის, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქისთვის ჯანდაცვის უფლებას, სხვა, მესამე ქვეყანაში გადაყვანას, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს და საბოლოოდ, უმარტივესი ერთი ხელისმოწერით შეიძლება პოლონელი ექიმების დაშვება. გაფრთხილებთ, სასწრაფოდ დაუშვით საბუთით, დოკუმენტით და არა სიტყვით, რადგან პოლონელი ექიმები წარმოადგენენ ევროკავშირს და ამ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.