„ვივამედის“ ექიმი - დემენციის ნიშნები დამახასიათებელია ენცეფალოპათიისთვისაც, მაგრამ არის კიდევ სხვა ნიუანსები, რაც დემენციაში ვერ ჩავსვი და სააკაშვილის დიაგნოზად რჩება ენცეფალოპათია
„ვივამედის“ ექიმი - დემენციის ნიშნები დამახასიათებელია ენცეფალოპათიისთვისაც, მაგრამ არის კიდევ სხვა ნიუანსები, რაც დემენციაში ვერ ჩავსვი და სააკაშვილის დიაგნოზად რჩება ენცეფალოპათია

პაციენტის ჩვენთან მოსვლისას, მე დავსვი ენცეფალოპათიის დიაგნოზი, დემენციის მახასიათებელი ნიშნები არის დამახასიათებელი ენცეფალოპათიისთვისაც, მაგრამ არის კიდევ სხვა ნიუანსები, რომლებიც მე დემენციაში ვერ ჩავსვი, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი არის ენცეფალოპათია და არა – დემენცია.

„ჩვენთან როცა მოვიდა პაციენტი, აქ იყო საუბარი ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომკოპლექსით იყო წარმოდგენილი, მაგრამ, ჩემი გადმოსახედით, არასრულყოფილად. აქედან გამომდინარე დავსვი მე ენცეფალოპათიის დიაგნოზი. თავიდან იყო საუბარი, არის თუ არა ვერნიკეს ენცეფალოპათია და რა გზით წავიდეთ. ჩვენ დავიწყეთ მკურნალობა ყველა შესაძლო დეფიციტის გათვალისწინებით. ენცეფალოპათია თავისთავად მოიცავს სიმპტომებს, რაც თუნდაც დემენციას ახასიათებს. დემენციის მახასიათებელი ნიშნები არის დამახასიათებელი ენცეფალოპათიისთვისაც, მაგრამ არის კიდევ სხვა ნიუანსები, რომლებიც მე დემენციაში ვერ ჩავსვი და რჩება ენცეფალოპათია. მე ვარ სტაციონარის ნევროლოგი, შესაბამისად, ჩემთან ხვდებიან მწვავე პაციენტები, სადაც იშლება მწვავე სურათი ენცეფალოპათიის, რაც შეიძლება, შემდეგ გადავიდეს დემენციაში და ჩამოყალიბდეს დემენციად. ეს არის იმდენად გაშლილი, იმდენად მკვეთრი და თვალში მოსახვედრი, ასეთი დიაგნოზების არდასმა შეუძლებელია. ეს ხანმოკლე, ძალიან ხანმოკლე დროში ხდება ჩემ თვალწინ. ორ კვირაში ადამიანის პიროვნული თვისებები არის სრულიად შეცვლილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთი მიმდინარეობა არ გვქონია“, – განაცხადა თამარ აბაშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მის მიერ დასმულმა დიაგნოზებმა გამოიწვიოს ადამიანის გარდაცვალება, ექიმმა აღნიშნა: „ნევროლოგიური თვალსაზრისით, პოლონეიროპათია და ენცეფალოპათია ლეტალურ გამოსავალთან დაკავშირებული არის ხანგრძლივი პროგნოზით“.

ნევროლოგის განმარტებით, ეს დიაგნოზები ლეტალურ გამოსავალთან ახლოს არ არის.

მისივე თქმით, დიაგნოზები პოლონეიროპათია და ენცეფალოპათია, რომლებიც ნევროლოგიური კუთხით აქვს დასმული მიხეილ სააკაშვილის, ახლოს არის დამძიმებასთან.

„საკვების მიღების დაწყებისთვის არის საჭირო ფსიქოლოგის აქტიური ჩარევა. ფსიქიატრის მიერ დასმულია დეპრესიული სინდრომი. ჩვენი მოწვეული ფსიქიატრის მიერ. მე რამდენადაც ვიცი, ამას ეთანხმებიან ექსპერტებიც. საქმე ის არის, რომ თუნდაც ეს დიაგნოზიც არის ხელისშემშლელი გამოჯანმრთელების დაწყებისთვის. ხელისშემშლილია გარემო, რომელშიც არის“, – განაცხადა თამარ აბაშიძემ.