ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში უბედური შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში უბედური შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

თბილისში, ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

როგორც კლინიკის რეანიმატოლოგმა, თინათინ ხუჭუამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი ვეფხვია კუჭავა ამ დროისთვის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე და რაიმე ოპერაციულ ჩარევას ჯერ არ საჭიროებს. პაციენტი რჩება მართვის სუნთქვაზე. რაც შეეხება დაზიანებებს, მას აღენიშნება პოლიტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ნეკნების მარჯვნივ მრავლობითი მოტეხილობაა, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და ანემია“,- განაცხადა ექიმმა.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა გუშინ გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი,  „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.