ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა.

ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„კლინიკაში შემოიყვანეს ორი ბავშვი, 13 წლის. მოხდა ერთი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანით. დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში.

რაც შეეხება 13 წლის გოგონას, ის შემოიყვანეს გულის გაჩერებით და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.