ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

საქართველოს პირველის პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების მორიგე ექიმმა ნინო ბურდულმა განაცხადა, გასული ღამის განმავლობაში მდგომარეობის გართულებას ადგილი არ ჰქონია.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ჩარევიც მოცულობა. არსებითი ცვლილებები არ არის. დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო“, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.

„ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა ნინო ბურდულმა.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ერთი (ტ.ღ.) განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.