ექიმის ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებულ ორი წლის ბავშვს მალევე გაწერენ, 14 წლის გოგონა კი კლინიკაში დარჩება
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ პირველ არხს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა სოფიო კუსიანმა განუცხადა, სადაც ბავშვები არიან მოთავსებული.
ექიმის ინფორმაციით, ორი წლის პაცუიენტს სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაწერენ, 14 წლის გოგონა კი ჯერჯერობით დარჩება კლინიკაში.
„კლინიკაში შემოყვანილ ორივე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები, სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის ზედაპირზე. შედარებით საყურადღებოა 14 წლის პაციენტი, რომელთანაც დამატებით გამოხატულია თავის ტვინის შერყევის სიმპტომატიკა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე, ორივე პაციენტი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში რჩება. არცერთ პაციენტთან ქირურგიული ჩარევა არ დაგვჭირვებია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე საათში ვვარაუდობთ, რომ გაეწერება ორი წლის პაციენტი. 14 წლის გოგონა სავარაუდოდ გადავა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. იქ რამდენი ხანი დარჩება, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოფიო კუსიანმა.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.