ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა, არ არის გამორიცხული, ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო
ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა, არ არის გამორიცხული, ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ორი ოპერაციის შემდეგ კვლავ მძიმეა.

როგორც ანესთეზიოლოგმა, ქირურგიული განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, დღეს ოპერაცია დაგეგმილი არ არის.

„როგორც იცით, პაციენტს ჩაუტარდა ორი ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს. დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს.

პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ არის. მრავლობითი ჭრილობები აქვს, მათ შორის – თავის არეში. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას თავდაპირველად ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.